суббота, 25 декабря 2010 г.

დიდება შენ ბეთლემო


დიდება შენ ბეთლემო,
უფლის ნამოსახლარო,
შენს თაღებში მეტყველებს
ღვთაებრივი სამყარო...

ჩვენ უბრალო მოგვნი ვართ,
ვარსკვლავის კვალს მივყვებით,
შენს განთიადს ატყვია
მაცხოვარის ფიქრები...

შენზე უკეთ ვინ იცის
კურთხეულო ქალაქო,
როგორ შეხვდეს იესოს,
ღმერთს ვით ელაპარაკოს?!

შენზე უკეთ ვინ იცის
ნისლია თუ ქარია,
მტრისგან დევნილს ეგვიპტით,
ვით წარუძღვეს მარიამს...

შენზე უკეთ ვინ იცის
განშორების წუხილი,
შენს კედლებში გაისმის
ჯვარცმის ჭექაქუხილი...

შენ მომსწრე ხარ აღდგომის,
შენ ღვთის რწმენით გასძელი,
შენ გალავნად გარტყია
ამაღლების ნათელი... 

(სოსო ნადირაძე)

Комментариев нет:

Отправить комментарий