ასტროლოგია (წყალი)

                                                        თევზები

მართველი პლანეტა: ნეპტუნი
სტიქია: წყალი
ჰავა: ტენიანი, თბილი, ოკეანესთან ან ზღვასთან ახლოს
ტემპერამენტი: მელანქოლიკი
ფერები: მწვანე და ცისფერი
ქვა: ამეთვისტო და აქვამარინი
ბედნიერი რიცხვი: 7


ხასიათის შტრიხები ჰუმანური, ემოციური, შემოქმედებითი, გულჩვილი, კაცთმოყვარე. დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციის გრძნობით, ზოგიერთი მათგანი ტელეპატიური ხედვის უნარითაც კი, თუმცა ამავდროულად თევზები მერყევი, ინფანტილური, აპათიური ხალხია. ხშირად სტანჯავთ დეპრესია და მომავლის მიმართ ათასგვარი გაუცნობიერებელი შიშები.

თევზების ზოდიაქო, პლანეტა ნეპტუნის ასტროლოგიური გავლენის ქვეშაა. ნეპტუნით მართულ ადამიანებს შორის კი, ძალზე იშვიათად შეხვდებით დიდების, პრესტიჟისა და სიმდიდრის, გადამეტებული სიყვარულით შეპყრობილ პიროვნებებს.
თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თევზები, მიწიერ სიამეთა მიმართ გულგრილნი არიან. უბრალოდ მათი ცხოვრებისეული, კრედო შემდეგში მდგომარეობს: ” არ მინდა ვიყო მილიონერი, უბრალოდ მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობს სხვა”.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში, ხასიათის ისეთი თვისებებს როგორიცაა: სიჯიუტე, შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა, ძალზე იშვიათად თუ აღმოაჩენთ. სამაგიეროდ თევზთა უმრავლესობა, არაჩვეულებრივი ინტუიციის გრძნობითა და უსაზღვრო ფანტაზიის უნარითაა დაჯილდოებული.
ბევრი თევზი, მთელი სიცოცხლის მანძილზე, მორჩილად მიჰყვება ცხოვრების დინებას და ბედის ნაწყალობევით კმაყოფილდება. თუმცა ზოგიერთ მათგანს, ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვისა და სიზარმაცის დაძლევის ხარჯზე, იმის უნარიც შესწევს, გარემოებას შეებრძოლოს და დინების საწინააღმდეგოდ გაცუროს. აი სწორედ ამგვარი თევზები აღწევენ ცხოვრებაში, ნამდვილ ჰარმონიასა და ბედნიერებას.
თევზები გარეგნულად იმდენად მშვიდები და ინდეფერენტულები ჩანან, გეგონებათ მოთმინებიდან მათ გამოყვანას ვერავინ და ვერაფერი შესძლებსო. საყვედურებს, ბრალდებებს, თვით შეურაცხოფასაც კი, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, სხვებზე მეტი მოთმინებითა და შესაშური სულგრძელობით იტანენ, მაგრამ საზღვარი მათ გულმოწყალებასაც გააჩნია.
მრისხანების ჟამს ისინი დამცინავები, სარკასტულები და ძალზე ენაგესლიანები ხდებიან. თუმცა ასეთი მდგომარეობა, დიდხანს იშვიათად გრძელდება და მალე ისევ თევზისთვის დამახასიათებელი, უშფოთველი გამომეტყველება უბრუნდება მათ სახეს.
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ძირითადად ღია ფერის, გამჭვირველე, გადმოკარკლული თვალები, სახის არამკვეთრი ნაკვთები, ნაზი კანი და გასაოცარი სინატიფის, კოხტა ხელ-ფეხი აქვთ. მათი უმრავლესობა ქერა ან ბრიუნეტია, შავგვრემანი თევზები იშვიათობას წარმოადგენენ.
მართალია თევზებს შორის გიგანტს ნაკლებად შეხვდებით, მაგრამ აგებულებისდა მიუხედავად, ყველა თევზი უჩვეულოდ გრაციოზული და მომხიბვლელია. თევზებს ბევრი სასმელი უყვართ, დღეში ათ-თორმეტ ჭიქა ჩაის, ყავას ან ხილის წვენს მიირთმევენ. სამწუხაროდ რბილი ხასიათის გამო მათ, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მიმართაც, საკმაოდ დიდი მიდრეკილება გააჩნიათ.
თევზებს დაბადებიდან თან დაჰყვათ სურვილი, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით უყურონ და როცა მკაცრ რეალობასთან, პირისპირ შეჯახება უხდებათ, დასკვნების გამოტანას, საკუთარი წარმოსახვით შექმნილ, ილუზორულ სამყაროში თავის შეფარება ურჩევნიათ ხოლმე.
ბევრი სუსტი ნებისყოფის თევზი ხელოვანი, მთელი სიცოცხლე ძლიერი მფარველის ან მეცენატის მოლოდინშია. რომელიც მას ყოველდღიურ, ყოფით პრობლემებს მოუგვარებს, სანამ თვითონ უკვდავი შედევრების შექმნით იქნება დაკავებული.
თევზ მწერალს შეუძლია, წლობით იჯდეს კაფეში, ფინჯან ყავაზე და ცნობისმოყვარეებს მოუთხროს, რომ ცხოვრების არსის ძიებით არის დაკავებული. თევზი მხატვარი კი დილიდან დაღმებამდე, პარკში ისეირნებს, თითქოს ბუნების მშვენებით ტკბება და მომავალი შედევრის შესაქმნელად, მუზას ელის. სინამდვილეში კი მის მოლბერტსა და ფუნჯებს, კარგა ხანია მტვრის სქელი ფენა ადევს.
მართალია ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, ცხოვრებაში ყოველგვარ შუღლსა და მეტოქეობას ერიდებიან, მაგრამ ზოგიერთი თევზი, მაინც ახერხებს დინების საწინააღმდეგოდ გაცურვას და ბრწყინვალე კარიერის შექმნას იმ სფეროში, სადაც მათი მათი პიროვნული თვისებები, საუკეთესოდ წარმოჩინდება. მაგალითად: სათეატრო სივრცეში.
თუმცა ასეთ შემთხვევაში, თევზებს ყოველდღიურ რეპეტიციებთან შეგუების აუცილებლობის გამო, თანდაყოლილი სიზარმაცის დათრგუნვა უხდებათ, რაც ძალიან უჭირთ. სამაგიეროდ, გარდასახვის იშვიათი ნიჭისა და უნიკალური მეხსიერების წყალობით, სწორედ თევზები აღწევენ, სამსახიობო ხელოვნებაში მართლაც, რომ უჩვეულოდ დიდ სიმაღლეებსა და წარმატებებს.
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ხშირად ძალზე ზერელე დამოკიდებულება ახასიათებთ, საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რაც შემდგომში ღვიძლისა და ფილტვების სისუსტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით ან მწვავე ინფექციებით გამოიხატება. თევზების ყველაზე მძლავრი იარაღი, მათივე იუმორია. იუმორის საშუალებით, ეს ადამიანები უცხო თვალისაგან, საკუთარ ჭეშმარიტი ზრახვებისა და განცდების ოსტატურად დამალვასაც ახერხებენ. მათ იუმორს კი, მართლაც რომ არ გააჩნია საზღვარი. უწყინარი ხუმრობიდან, ბოროტ სარკაზმამდე, ყველაფერი შეუძლიათ.
ბევრი თევზი განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებს, სხვადასხვა სახის ოკულტური მეცნიერებების, ქირომანტიისა და მკითხაობისადმი. მათგან ურიგო მედიუმები და პარა-ფსიქოლოგები როდი გამოდიან. ადამიანთა გამჭოლ ხედვის უნარითა და გამძაფრებული ინტუიციით დაჯილდოებული თევზები, ამა თუ იმ პიროვნების შეფასებისას, საერთოდაც იშვიათად ტყუვდებიან.
ნეპტუნით მართული ადამიანები, აღსავსენი არიან უმწეოთა და გაჭირვებულთა მიმართ, უსაზღვრო გულმოწყალებითა და თანაგრძნობით. ჭეშმარიტი თევზი დაჩაგრულ ადამიანს, გვერდს გულგრილად არასოდეს აუვლის. ამიტომ შემთხვევითი როდია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით, უამრავი სასულიერო პირი, ბერი, მღვდელი და მონაზონი იბადება.
თევზები მოუხელთებელი ხალხია. გადამწყვეტ ”ჰოს” ან ”არას”, ყოველთვის ორჭოფულ ”შეასაძლოას” ამჯობინებენ. იმდენად რამდენადაც, გარემომცველი სამყარო ძალზე სასატიკია, ვინმეს დასაცინი რომ არ გახდეს, ბევრი თევზი ხშირად გულგრილობის ნიღაბს ატარებს. მაგრამ გახსოვდეთ, ამ ნიღბის მიღმა უჩვეულოდ ნაზი და მგრძნობიარე ადამიანი იმალება.





                      კირჩხიბი
                                   



მმართველი პლანეტა:  მთვარე
სტიქია: წყალი
ჰავა: ნებისმიერი
ტემპერამენტი: ფლეგმატიკი
ფერები: თეთრი და ვერცხლისფერი
ქვა: მარგალიტი
ბედნიერი რიცხვი: 2

ხასიათის შტრიხები დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციით, მგრძნობიარეა თუმცა მორცხვი, არ უყვარს საკთარი გრძნობების სახალხოდ აფიშირება. არის კარგი მეოჯახე, ნათესაური კავშირებისა და ტრადიციების დიდი პატივისმცემელი. ასევე კარგი ფინანსისტი, თუმცა ხანდახან შესაძლოა სიძუნწემ სძლიოს და ძალზე ხელმომჭირნეც გახდეს. 

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძირითადად ორგვარი ტიპისანი არიან: პირველს განეკუთვნებიან ლამაზი, მრგვალთვალება, პირმომღიმარე და ბავშვური გამომეტყველების ადამიანები.
მეორე ტიპი უფრო ხშირად გვხვდება და რამდენადმე სპეციფიურია, მათთვის გამოკვეთილი წარბებზედა არე, მაღალი ყვრიმლები, წინ წამოწეული ქვედა ყბა და უსწორმასწორო კბილებია დამახასიათებელი.
კიბოებს არაჩვეულებრივად მეტყველი სახე აქვთ, რომელიც მრავალგვარ განწყობას ირეკლავს ერთბაშად. მათ არა მარტო განწყობის არეკლვა, მისი სხვა ადამიანებისთვის გადაცემაც კი შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც არიან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები წარსულის, წინაპართა ისტორიისა და ყოველივე ძველებურის ერთგულნი.
კიბოსთვის ყველანაირი საიდუმლოს ნდობა შეიძლება. გამძაფრებული ინტუიციისა და თანაგრძნობის წყალობით, იგი ხშირად ხდება ადამიანთა სულების მესაიდუმლე.
კიბოს შეუძლია ყურადღებით მოუსმინოს ყველას, ვინც თავის გრძნობებს გაუზიარებს. საკუთარ სულს კი ცნობისმოყვარეთაგან გულმოდგინედ მალავს.
კირჩხიბი ისევე როგორც ნამდვილი კიბორჩხალა, დასახულ მიზანს ყოველთვის შემოვლითი გზით უახლოვდება და არამც და არამც პირდაპირ. დიდსულოვნებას და უანგარობას რაც შეეხება, ძნელი სათქმელია რომ კიბოს ეს თვისებები არ გააჩნია, პირიქით იგი ყოველთვის დაგეხმარებათ, როცა გიჭირთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა დარწმუნდება რომ მის გარდა სხვა ვერავინ გიშველით.
კიბო უკანასკნელ წუთამდე მოიცდის, იქნებ ვინმე სხვა შეეშველოსო. იგი იმ კატეგორიის ადამიანებს არ განეკუთვნება, ვინც თავის დროსა და ფულს დაუფიქრებლად ფლანგავს. მაგრამ მაინც კეთილი, გულჩვილი არსებაა და დასახრჩობად არ გაგწირავთ.
კირჩხიბი იმპულსური არაა და საქმეს ისე არასოდეს წამოიწყებს, სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონის. საერთოდ კიბო იშვიათად რისკავს, რადგან წაგების შემთხვევაში, ღრმა პესიმიზმი ეუფლება და ამ მდგომარეობიდან დიდხანს ვერ გამოდის..
ორივე სქესის კირჩხიბები, აღმერთებენ სახლს და ოჯახურ გარემოს. ამასთანავე ამ ადამიანთა უმრავლესობა, დიდი გურმანია და როცა საკუჭნაო ან მაცივარი პროდუქტებით აქვთ გამოტენილი, მომავლის რწმენა ემატებათ.
საჭმლის თუნდაც ნარჩენების გადაყრა კიბოსთვის უდიდესი ტრაგედიაა. საერთოდ საკვებზე და მშივრებზე საუბარი განწყობას ძალიან უფუჭებთ.
ორივე სქესის კიბოებს ძალზე განვითარებული, მშობლიური ინსტიქტი აქვთ და ამიტომ ყოველთვის ცდილობენ მეგობრებს მზრუნველი მშობლებივით მოექცნენ. კირჩხიბები უჩვეულოდ ემოციურები არიან, დარდს და საზრუნავს მათი დაავადება ან ლოგინად ჩაგდებაც კი შეუძლია. სიხარულს და დადებით ემოციებს კი განკურნება.
თუ მის ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას რაიმე საფრთხე ემუქრება, კიბო უმალ სასოწარკვეთილებაში ვარდება. რასაც შედეგად ჯანმრთელობის გაუარესება და უფრო დიდი უსიამოვნებებიც კი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ძალზე ხშირად, საკუთარი უბედურების მიზეზი კიბო თავადვეა.
კირჩხიბებს სუსტი თირკმელები აქვთ, ხშირად აწუხებთ სახსრების და მკერდის ტკივილი. ამას გარდა, ფაქტობრივად ყველა სახის წყლული კიბოსაგან იღებს სათავეს. ამიტომაცაა, რომ თუ პესიმიზმმა დარიათ ხელი, უმნიშვნელო დაავადებაც კი ქრონიკულად ურთულდებათ.
კირჩხიბების უმრავლესობა შესანიშნავი მეოჯახე და საუკეთესო მეურნეა. ისინი როგორც წესი, ცოტა ცოტა ძუნწი, მაგრამ ყოველთვის ფულიანი ხალხია. თავიანთ ქონებას დიდი მონდომებით აგროვებენ და ყოველთვის აქვთ შავი დღისთვის გადანახული საკმარისი მარაგი.
თავის ფაქიზ და მგრძნობიარე გულს კირჩხიბი მტკიცე ჯავშნის ქვეშ მალავს. მძაფრ ცხოვრებისეულ განცდებს ყოველთვის გაურბის და მაქსიმალურად ცდილობს მშვიდად იცხოვროს.





     მორიელი                                                    
მმართველი პლანეტა: პლუტონი                                       
სტიქია: წყალი
ჰავა: ნოტიო
ტემპერამენტი: ფლეგმატიკი
ფერები: მეწამული და მუქი წითელი
ქვა: ოპალი და ჰელიოტროპი
ბედნიერი რიცხვი: 9

ხასიათის შტრიხები ემოციური მაგრამ გულჩათხრობილი, ინტელექტუალური, გონიერი, დინჯი. გასაოცარი ნებისყოფის მქონე მორიელს მებრძოლი ხასიათი აქვს, მიზანსწრაფული და მამაცია, ამასთანავე ფრთხილი და დაკვირვებული, იგი ძალზე საშიში მოწინააღმდეგეა, შურის მაძიებელი, უკომპრომისო და დაუნდობელი, იგი მეტოქეს გამჭოლ ხედავს და მუდამ ბოლომდე ანადგურებს მას. ამას აკეთებს არა სპონტანურად, არამედ დინჯად და გააზრებულად, ყოველგვარი ხმაურისა და მღელვარების გარეშე. 

ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, სამ ძირითად ფსიქო-ტიპად იყოფიან:
პირველი ტიპის ღრიანკალი, არათუ სხვებისთვის არამედ საკუთარი თავისთვისაც კი დიდი საშიშროებას წარმოადგენს. რადგან რაიმეზე განაწყენებულს, გარშემო თუ დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს. ამ ულმობელ და გულღვარძლაინ ქმნილებას, თავისი სიძულვილით გარშემო ნგრევისა და განადგურების გამოწვევაც კი შეუძლია.
მეორე ტიპის ღრიანკალი ძლიერი, დამოუკიდებელი, სამართლიანი და ბრძენი ადამიანია. ამგვარ ტიპს ასტროლოგები სხვაგვარად ” არწივსაც” უწოდებენ. ეს არის მეცნიერის, სწავლულის, პოლიტიკოსის ტიპი, რომელიც დიდი ინტელექტით გამოირჩევა.
მესამე ტიპის ღრიანკალები ე.წ ”ნაცრისფერ ხვლიკთა” კატეგორიას განეკუთვნებიან. ისინი მორიელებს შორის ყველაზე სუსტები არიან. თუ პირველი ტიპის ღრიანკალთა ენერგია ნგრევაზეა მიმართული, ხოლო ”არწივებისა” - შემოქმედებით განვითარებაზე, ”ნაცრისფერი ხვლიკები” ამ ენერგიას საკუთარ თავში იხშობენ. ისინი მუდმივად უკმაყოფილონი არიან, როგორც საკუთარი თავით, ისე სხვებით. ზოგჯერ უბრალოდ ვერავის და ვერაფერს იტანენ და ყველას ბოროტებას უსურვებენ.
თითქმის ყველა ღრიანკალის დამახასიათებელი თვისებაა, უმაგალითო სიმამაცე და თვით სიკვდილისადმი, ერთგვარი ზიზღიც კი. მორიელს შეუძლია ვაჟკაცურად გაუძლოს ნებისმიერ განსაცდელს, იქნება ეს ფიზიკური ტკივილი, სიღარიბე, მტრების დაცინვა თუ უეჭველი სიკვდილის საფრთხე. ბედისწერის ყოველ დარტყმას იგი, ამაყი მძულვარებით ხვდება და ღრმადაა დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ბრძოლიდან შესძლებს გამარჯვებული გამოვიდეს.
 მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, არასოდეს ავიწყდებათ მათთვის გაწეული სიკეთე ან თანადგომა და ყოველთვის ცდილობენ, ადექვატური საქციელით უპასუხონ კეთილისმყოფელს. შესაბამისად, ღრიანკლები არც წყენს ივიწყებენ. თუმცა სხვადასხვა ტიპის მორიელს, ანგარიშსწორების განსხვავებული ტაქტიკა გააჩნია.
მაგალითად: ”არწივი”, მოწინააღმდეგეს ღიად გამოიწვევს ორთაბრძოლაში და მანამ არ მოისვენებს, სანამ მტერს საბოლოოდ არ გაანადგურებს. ”ნაცრისფერი ხვლიკი” ბოღმას გულში ჩაიხვევს და შურისძიებას განგებას მიანდობს. შემდეგ კი წლების მანძილზე დაელოდება სასურველ მომენტს, სანამ ძველი წყენის გამო შეურაცმხოფელს ჯეროვან პასუხს მოსთხოვს.
მესამე ტიპის მორიელი, ხანგრძლივად და გულმოდგინედ გეგმავს მტერზე რევანშის აღებას. საბოლოოდ კი მეტოქეს, მოულოდნელად ისეთ გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს, რომ ეს უკანასკნელი კარგა ხანს ვერ მოახერხებს გონზე მოსვლას.
ნებისმიერი ღრიანკალის ჯანმრთელობა, მთლიანად მისსავე ხელთაა. ბოროტი ფიქრებისა და ბოღმის გულით ტარების ჩვეულების გამო, მას უმნიშვნელო დაავადებაც კი, შეიძლება ქრონიკულ სტადიამდე გაურთულდეს. მაგრამ თუკი მორიელმა ნებისყოფის დაძაბვა და სულიერი ძალების კონცენტრირება შესძლო, წამლისა და ექიმის გარეშეც, სასწაულებრივად მოახერხებს თავის განკურნებას.
მორიელებს დაბადებიდან თან დაჰყვათ უზარმაზარი სასიცოცხლო ენერგია, რის ხარჯზეც იშვიათად ავადმყოფობენ. მაგრამ თუ ერთხელ დარიათ სენმა ხელი, გამოჯანმრთელება ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, მათ ცხოვრებაში უბედური შემთხვევებისა და ავარიების ალბათობაც ძალზე დიდია.
ღრიანკალი თავის საკუთრებას ან იმას, რის დასაკუთრებასაც სამომავლოდ აპირებს, სხვას არასდროს დაუთმობს. გასაოცარი ნებისყოფისა და უსაზღვრო თავდაჯერებულობის წყალობით, ეს ადამიანი ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. არც ზედმეტი ნერვიულობა და ფაციფუცია მისი ნატურისთვის დამახასიათებელი თვისება.
ღრიანკალის ნიშნით დაბადებული ადამიანის, ამ ქვეყნად მოვლინებას ან გარდაცვალებას, ხშირად მისტიკური მოვლენები ახლავს თან და ეს უცნაური ფენომენი ზოგადად მორიელების პიროვნებაში არსებული, უდიდესი სასიცოცხლო ენერგიიდან იღებს სათავეს.მაგალითად მორიელი ბავშვის დაბადებამდე, ერთი წლით ადრე ან ერთი წლით გვიან, სანათესაოში როგორც წესი, რომელიმე ნათესავი იღუპება. ხოლო თავად ღრიანკალის გარდაცვალებას, მის ოჯახში აუცილებლად პატარას დაბადება უნდა მოჰყვეს თან.