суббота, 25 декабря 2010 г.

ჩვენ შობას არ ვზეიმობთ?


სამწუხაროდ არა! – მპასუხობს ჩემი შეგრძნება! შეხედეთ ჩვენს ქუჩებს, ქალაქის თუ ქალაქების ცენტრ-მოედნებს, აქ არაა საშობაო ფუსფუსი, ხალხმრავლობა, არ დგას ფარდულები, სადაც ყველას სთავაზობენ ცხელ კერძებს, გემრიელ სოსისებს, მჟავე მწნილს, ცხელ ღვინოს, ღიმილს… არ დუღს ცხოვრება, არ ხმაურობენ, არ ეარშიყებიან ერთმანეთს, საშობაო სუვენირებით არ ვაჭრობენ და რაც მთავარია, არ ბრდღვიალებს საყოველთაო სიხარულის მზე, საშობაო განახლების ის ყოვლისმომცველი რიტუალი, ეკლესიის საზღვრებს რომ გასცდენია, ხალხში გადაუნაცვლებია და ყველას დაუფლებია: ქრისტიანსა თუ არაქრისტიანს, მორწმუნესა თუ ურწმუნოს, გამვლელსა თუ ადგილობრივს, სტუმარსა თუ მასპინძელს, მდიდარსა თუ ღარიბს… ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, – როგორ არ უნდა გიხაროდეს შობის შემობიჯება, – საშობაოდ ხომ მეცამეტე ხელფასს იძლევიან, ე.წ. საშობაო ფულს, გერმ.: Weihnachtsgeld…
შობა ლამაზია, შობა მშვენიერია; თეოლოგიური, ღრმა წიაღსვლების გარეშეც! შობამ გლობალური იერი მიიღო და რელიგიური რიდე აიხადა: გერმანიაში მცხოვრები თურქები თავიანთ შვილებს საშობაო ნაძვის ხეს უდგამენ, შობას გრანდიოზულად აღნიშნავენ იაპონიაში, ამ ტრადიციული ძენ-ბუდიზმის ქვეყანაში. სხვა მაგალითების მოტანაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ წერილის მიზანი ეს არაა, უბრალოდ, ამ დილას რომ გამეღვიძა, ვიგრძენი, რაღაც მაკლდა და ეს იყო შობის საყოველთაო განცდა და მინდა, რომ ეს გულისტკივილი გაგიზიაროთ: ჩვენ შობას არ ვზეიმობთ! და ეს საწყენია, გულსატკენია…
სამაგიეროდ ჩვენ შობას ვიტყუებით. ვიტყუებით, რომ 25 დეკემბრის შობა კათოლიკურია; ეს მაშინ როდესაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ახალ კალენდარზეა გადასული და 2 დღეში საშობაო წირვა-ლოცვს დააგუგუნებენ საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და ასევე ძველი საპატრიარქოების ეკლესიებში…
მოვა 6- 7 იანვრის ღამე. ამ ყრუ ტაძრებში შეიკრიბება უამრავი მრევლი და აღნიშნავენ რას? მარხვის დასასრულს და ჩავლილ შობას! ჩვენთან შობა ხომ მარხვის დასასრულია და ხინკლაობის დასაწყისი და არა სიხარულისა და განახლების საყოველთაო დღესასწაული!
მინდა შობა! მინდა, რომ შობას ვზეიმობდეთ და უპირველეს ყოვლისა ამით ვგავდეთ ევროპას და ამით გავხდეთ ევროპა, მინდა, რომ შევიგრძნოთ ქრისტესშობის მთელი სიმშვენიერე, მინდა, რომ ჩვენმა ტრადიციულმა ეკლესიამ დაძლიოს მოდერნიზმის კრიზისი და რაც მთავარია, მინდა, რომ სხვებსაც სურდეთ ეს ყოველივე!
www.tabula.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий