ასტროლოგია (ცეცხლი)

მშვილდოსანი


მმართველი პლანეტა: იუპიტერი
სტიქია: ცეცხლი
ჰავა: ცივი
ტემპერამენტი: ქოლერიკი
ფერები: იასამნისფერი და წითელი
ქვა: ფირუზი, ამეთვისტო
ბედნიერი რიცხვი: 3

ხასიათის შტრიხები უსაზაღვროდ თავისუფლებისმოყვარე, ოპტიმისტი, დამოუკიდებელი, მხიარული და კონტაქტურია აქედან გამომდინარე უამრავი მეგობარი ჰყავს, გულღია და ძალზე გულუხვია, მამაცი და შეუპოვარი, მოუსვენარი, მოძრავი, იზიდავს რისკიანი პროფესიები. ხანდახან ზედმეტად იმპულსურია ამასთანავე ყბედი, დაუკვირვებელი, უტაქტო, მოუხეშავი და ფიცხი.


მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გონებამახვილები, საზრიანები, მხიარულები და წარმოუდგენლად გულამართალი ბუნებისანი არიან. ერთადერთი თვისება, რითიც ისინი ვერ დაიტრაბახებენ, ტაქტიანობაა. თუმცა თავად მშვილდოსანს რომ ჰკითხოთ, თავი დიპლომატიურობის განსხიერება ჰგონია.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ჩვეულებრივ დიდი, კარგი მოყვანილობის თავი და მაღალი შუბლი აქვთ. სახის ნაკვთები ალალი და გულღია კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოძრაობენ სწრაფად, თუმცა მოქნილობას მათ ნამდვილად ვერ დასწამებთ.
ზოგჯერ იმდენად ჩქარა მიდი-მოდიან, გეგონება მიწას ფეხს არც კი აკარებენო. საუბრისას შესაძლოა, ხელის დაუკვირვებელი და ძლიერი მოძრაობით, სუფრაზე კერძით სავსე თეფში ამოუტრიალდეთ. ან საქმიანი შეხვედრისას მოულოდნელად, პორთფელი გაეხსნათ და საქმიანი ქაღალდები იქეთ-აქეთ დაებნეთ. თუმცა ამ ფაქტით მშვილდოსანი, არანაირ უხერხულობას არ იგრძნობს.
მშვილდოსნებს ნათელი, ცოცხალი და ეშმაკური თვალები აქვთ. ან ძალიან მაღლები და ათლეტურები არიან, ან საშუალოზე დაბლები და ჩასკვნილები. დაუდგრომელი ბუნების გამო, მათი ერთ ადგილას დიდი ხნით გაჩერება, პრაქტიკულად შეუძლებელია და როგორც წესი გამუდმებით სადღაც ეჩქარებათ.
მშვილდოსანთა უმრავლესობას ძალიან უყვარს ცხოველები, ამიტომ ძაღლთან ერთად მოსეირნე ან სულაც ცხენზე ამხედრებული მშვილდოსანი, არცთუ იშვიათი სანახავია.
იუპიტერის მფარველობაში მყოფი ადამიანები, საოცარი გულადობითა და სიმამაცით გამოირჩევიან. ამიტომ ტიპიურ მშვილდოსანს, სახიფათო პროფესიები იზიდავს და თუ სამუშაო არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული, იგი სახიფათო ჰობის ან სარისკო სპორტის სახეობას ირჩევს.
მშვილდოსნებს სიგიჟემდე უყვართ სისწრაფე და მანქანას ყოველთვის კისრისტეხით ატარებენ. ბევრი მფრინავ-გამომცდელი და ცნობილი ავტო-მრბოლელია ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული.
საერთოდაც ბედთან და სიკვდილთან თამაში, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მშვილდოსნები უჩვეულოდ ყბედები არიან, რასაც ფიქრობენ, უმალვე უნდა წამოროშონ. ამგვარი დაუფიქრებელი საქციელი კი ხშირად, საკმაოდ ძვირიც უჯდებათ.
მართალია მშვილდოსანი ძალზე მხიარული და ხალისიანი ნატურაა, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი ცეცხლის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნება და შესაძლოა უცებ აენთოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ავიწროვებს ან ზედმეტად ფამილარულად ექცევა.
მშვილდოსნებისთვის ასევე დამახასიათებელია, ხელისუფლებისადმი ერთგვარი უპატივცემულობა და არსებული კანონების წინააღმდეგ გალაშქრება. ეს ადამიანები მგზნებარე სულის, იდეალისტები არიან და ხშირად თან ჰყვებიან საყვარელ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს.
რაიმე უკეთურ საქციელში უსამართლო ბრალდებამ, მშვილდოსანი შესაძლოა გააფთრებამდეც კი მიიყვანოს და ასეთ შემთხვევაში ისე გაგალამაზებთ, რომ მეორედ მისთვის ცილის დაწამებას, ფიქრადაც აღარასოდეს გაივლებთ. თუმცა აქვე უნდა ისიც აღინიშნოს, რომ თქვენი ასეთ სავალალო მდგომარეობაში ჩაგდების შემდეგ, აუცილებლად პატიებას გთხოვთ და საავადმყოფოშიც თავადვე წაგიყვანთ.
მშვილდოსანის უმთავრესი ნაკლი, იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჯერ მოქმედებას არჩევს და ჩადენილზე ფიქრს, შემდეგღა იწყებს. თუ ვინმე მშვილდოსნისთვის ძვირფას გრძნობას ან საყვარელ პიროვნებას, სასაცილოდ აიგდებს, ამ ადამიანის სახით, ძალზე საშიშ და სახიფათო მტერს შეიძენს.
მშვილდოსნებს უყვართ ცვლილებები ცხოვრებაში და უბრალოდ აღმერთებენ მოგზაურობას და ხეტიალს. ამასთან ერთად, ბუნებით ძალზე აზარტულები არიან და იშვიათად გაუშვებენ ხელიდან შანსს, რომ ბედი კაზინოში ან დოღზე არ სცადონ.
სიყვარულს რაც შეეხება, ამ გრძნობისადმი მშვილდოსნებს, ძალზე რომანტიკული, მაგრამ არამდგრადი დამოკიდებულება გააჩნიათ. ფინანსებთან მიმართებაში მშვილდოსნები უჩვეულოდ გულუხვები და ხელგაშლილები არიან. ამიტომ თუ სესხი მოგცათ, არასოდეს გკითხავთ როდის დაუბრუნებთ ვალს.
მშვილდოსანი-ქალი სიამოვნებით იშვილებს ობოლ ბავშვს და უპატრონო ლეკვს ან კნუტს, არასდროს გააგდებს სახლიდან. საერთოდაც ტიპიური მშვილდოსანი, გაჭირვებულ ადამიანს გვერდს გულგრილად არასოდეს აუვლის, ამასთან მამაკაცები სიამოვნებით ჩაერთვებიან ყოველგვარ აყალმაყალში, ქალები კი შეურაცმხოფელს, ერთს კარგა გვარიანად გამოთათხავენ.
გულმართალი ბუნებიდან გამომდინარე მშვილდოსნები, როგორც წესი ძალზე იშვიათად იტყუებიან, მაგრამ თუ მდგომარეობამ მაინც აიძულათ ამის გაკეთება, მათი ტყუილი, ძალიან მალე ხდება გარშემომყოფთათვის ნათელი.
ნებისმიერი ასაკისა და სქესის მშვილდოსანი, ბავშვურად მიამიტი, მხიარული, ალალი, გულადი და ოპტიმისტია. მშვილდოსნებს ჯიუტად არ სურთ აღიარონ, რომ ცხოვრება ძალზე რთული და სერიოზული რამაა. ამიტომ ძალიან განიცდიან, როცა რეალობიდან გამომდინარე, ხშირად საპირისპიროში უწევთ დარწმუნება.
თუ უჩვეულო ქარაფშუტობით ჯანმრთელობა არ გაიფუჭა, მშვილდოსანს ყველა შანსი აქვს სიბერეს ნათელი გონებითა და კარგი მეხსიერებით მიაღწიოს. დაუდგრომელი ბუნების გამო მათ ცხოვრებაში, ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობაც ძალზე დიდია.
მაგრამ სავადმყოფოში მშვილდოსნის დიდი ხნით გაჩერება, პრაქტიკულად შეუძლებელია. იგი საოცარი სისწრაფით ახერხებს გამოჯანმრთელებას და საერთოდაც, ცუდი განწყობა მშვილდოსნებს მანამ უქრებათ, სანამ იგი მთელს მათ არსებას დაეუფლებოდეს.





                                                           ვერძი
მმართველი პლანეტა: მარსი
სტიქია: ცეცხლი
ჰავა: მშრალი ან ცხელი
ტემპერამენტი: ქოლერიკი
ფერები: წითელი,თეთრი, მეწამული 
ქვა: ალმასი, ძოწი 
ბედნიერი რიცხვი: 9
ხასიათის შტრიხები ენერგიული, მეოცნებე, იდეალისტი, მიზანსწრაფული, დინამიური, რისკის მოყვარული, მამაცი, გულუხვი და ექსტრავაგანტური. თუმცა ხანდახან შეუძლია იყოს აბეზარი და ამპარტავანი. ამასთან ერთად არის ძალზე ეჭვიანი, ფიცხი და სულსწრაფი

ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ორივე სქესის ვერძები მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშვურები არიან და როგორც ბავშვებს სჩვევიათ, მთლიანად თავიანთ საზრუნავში არიან ჩაფლულები.
ვერძისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. იგი გამოუსწორებელი მეოცნებე, მიმნდობი და ძალზე მიამიტია. ნებისმიერ წყენას ივიწყებს ოღონდ კი ვინმემ თანაუგრძნოს და მიუალერსოს.
ვერძები ძირითადად თეთრყირმიზები არიან. სახესა და თავზე ხშირად აქვთ ხალები ან ნაჭრილობევები. მოძრაობაში სწრაფები, აზროვნებითაც სხარტად აზროვნებენ. თუმცა გრაციოზულობით ვერც ერთი ვერძი ვერ დაიტრაბახებს, მაგრამ მოქნილობა რომლითაც იგი კრიტიკული სიტუაციებიდან თავის დაღწევას ახერხებს, საგონებელში აგდებს მათ ვინც მის შესაძლებლობებს ჯეროვნად ვერ აფასებს.
საუბრისას ვერძი თანამოსაუბრეს თვლებში უყურებს, თუ თვალს გარიდებთ ესე იგი მისთვის უინტერესო თემას შეეხეთ. ამ დროს მისი გონება სხვაგან ჰქრის და ამის დამალვას არც ცდილობს. ნუ გეწყინებათ, გაიხსენეთ ბავშვი, რომელიც ხან ერთ სათამაშოს ეტანება, ხან მეორეს. ვერძები ხომ მიუხედავად ასაკისა ძალზე ბავშვურები არიან. მარსის მფარველობაში მყოფთ სიცრუე და მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი საერთოდაც არ ახასიათებთ. პირდაპირობა და გამორჩეული პატიოსნებაა ვერძების სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ ეს თვისებები ყოველთვის დადებითად როდი ითვლება.
მართალია ვერძი ცეცხლის ნიშანია და გამბედაობა ან სიმამაცე ნამდვილად არ აკლია, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რისიც მას შეიძლება შეეშინდეს. უზარმაზარ თოვლის კაცს ან თუნდაც გოდზილას იგი არ შეუშინდება, მაგრამ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს. მხდალი მას არც ერთ შემთხვევაში არ ჰქვია, მაგრამ უმნიშვნელო ტკივილზეც კი ჩივილსა და წუწუნს მოჰყვება. კბილის ექიმები ხომ საერთოდ მოსისხლე მტრებად მიაჩნია.

ყოველი ვერძი ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაიმე ავანტიურაში ეხვევა და შედეგად თავზე ან სახეზე სამახსოვრო ჭრილობა რჩება. ჭრილობები და დამწვრობები ვერძებში ისედაც ხშირია. აწუხებთ თავის ტკივილი და შაკიკი, რაც სუსტი თირკმელების ბრალია. ვერძი ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს, სწორად იკვებოს და არ გაცივდეს. ამასთანავე შეძლებისდაგვარად მოერიდოს ალკოჰოლს რომელიც არამარტო თირკმელებისთვისაა საზიანო, ზოგადად მარსისი მფარველობის ქვეშ მყოფთან შეუთავსებელია. სამაგიეროდ ვერძებს თითქმის არ გააჩნიათ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება. ყოვლად უწყინარ, თავის ტკივილის და საძილე წამლებსაც კი იშვიათად სვამენ.
აღსანიშნავია, რომ ვერძს მუდმივი ოპტიმიზმის წყალობით, ცეცხლის ნიშნის ორ სხვა წარმომადგენელთან, ლომთან და მშვილდოსანთან ერთად, ძალზე იშვიათად ემართება რაიმე ქრონიკული სახის დაავადება, რომელთაც ასტროლოგები ოდითგანვე მელანქოლიკებსა და პესიმისტებს მიაწერდნენ. დეპრესიას, თუნდაც საკმაოდ საფუძვლიანს ვერძი სწრაფად და იოლად უმკლავდება.
მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერძები დამაჯერებლად მიიწევენ წინ და სხვათა გრძნობებზე ნაკლებად ზრუნავენ. გარშემომყოფთა მიმართ ვერძის დამოკიდებულება შეიძლება მოკლე დევიზით გამოიხატოს: ”მე უპირველეს ყოვლისა”... თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად, ვერძი ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი და კეთილია.
ვერძები უსაშველოდ ფიცხები არიან. სამაგიეროდ მარსის მფარველობაში მყოფთ ბოღმის დიდი ხნით გულში ჩადება არასოდეს ახასიათებთ და აქდან გამომდინარე მათი მრისხანებაც ხანმოკლეა. ბუნებით მიმტევებელ ვერძს, თავადაც გააჩნია საიმისო უნარი, ნებისმიერ ადამიანს, თვით მოსისხლე მტერსაც კი სთხოვოს პატიება.
ვერძის ბუნებაში ერთდროულად აღმოაჩენთ რეალისტს და იდეალისტს. თანამედროვე ცხოვრებაში კი მისებრ გაუტეხელი, ძლიერი სულის, ამასთან საოცრად სენტიმენტალური, პოეტური და სასწაულების მორწმუნე ადამიანის პოვნა საკმაოდ ძნელია.
მარსით მართული ეს მებრძოლები, ცხოვრების დაფაზე საკმაოდ ნიჭიერ მოთამაშეებად ყალიბდებიან. ამასთან თამაშში ყოველთვის საკუთარი თავის იმედი აქვთ და სხვისი დახმარების იმედს ნაკლებად იტოვებენ.
ვერძის მოწოდება შემოქმედებითი სამუშაოა. ამ ადამიანების ორიგინალობის, ენერგიისა და ნებისყოფის გარეშე, ბევრი გრანდიოზული პროექტი ვერ იქნებოდა სრულად რეალიზებული. ამასთან თუკი ვერძს რაიმე სჯერა, მთელი სიცოცხლე ვერ გადაარწმუნებთ. თვალებს დაიბრმავებს და ყურებს ბამბით დაიცობს. თუმცა შეუძლია მოულოდნელად თავადვე შეიცვალოს აზრი და რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს.
სპონტანური ქმედებების უნარი, ვერძის ხასიათის ჭეშმარიტად ფანტასტიკური თვისებაა და ალბათ ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ ეგუება იგი ესოდენ იოლად ახალ გარემოსა და ადამიანებს. თუ ვინმე ეცდება ვერძს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები გადაათქმევინოს, ამას იგი მხოლოდ დაბრკოლებად აღიქვამს და ხელის შემშლელს სინდისის ქენჯნის გარეშე მოიცილებს თავიდან. ვერძი განსაკუთრებით ვერ იტანს კონსერვატორ, სწორხაზოვან ადამიანებს და ცხოვრებაში ყველაზე ხშირად სწორედ ისინი არიან, მისი მთავარი მოსისხლე მტრები.
მართალია ფულის შოვნა ეხეხრებათ, თუმცა გადამეტებული მფლანგველობის გამო ვერძები იშვიათად ხდებიან ცხოვრებაში დიდი ქონების პატრონები. თუმცა თუ მაინც გამდიდრდა, საკუთარ ქონებას არც ერთი ვერძი არ დაჰკანკალებს ზედ და საჭიროების შემთხვევაში სიამოვნებით გაუნაწილებს მას გაჭირვებულებს.



                                                                                                 ლომი



მმართველი პლანეტა: მზე
სტიქია: ცეცხლი
ჰავა: თბილი, ტროპიკული
ტემპერამენტი: ქოლერიკი
ფერები: ოქროსფერი და ჩალისფერი
ლითონი: ოქრო
ბედნიერი რიცხვი: 1
ხასიათის შტრიხები: გულუხვია, მამცი და ძლიერი სულის პატრონი, უყვარს კომპლიმენტები და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეპატაჟური ფიგურაა, ახასიათებს ხმაურიანი წვეულებებისადმი სიყვარული, შემოქმედებითად ძალზე აქტიური, ქარიზმატული და მომხიბვლელია, თუმცა ამასთან ერთად შეუძლია იყოს აუტანლად მომთხოვნი, ეგოისტი და სასტიკიც კი. არის ძალიან კარგი მეგობარი და გამორჩეულად საშიში მოწინააღმდეგე.      

 შეგხვედრიათ ოდესმე ისეთი ადამიანი, რომელიც გაწეულ სამსახურს, როგორც კუთვნილს, მეფური შემწყნარებლური გამომეტყველებით იღებს? თუ ასეთ პიროვნებას იცნობთ, უთუოდ ლომი იქნება. 
ვინაიდან და რადგანაც, თავი ყველაზე ჭკვიანებად მიაჩნიათ, ლომებს ძალიან უყვართ ყველასთვის, ყველაფრის სწავლება. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი როდია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისგან კარგი მასწავლებლები, ფსიქიატრები და პოლიტიკოსები გამოდიან. 
ლომები დარწმუნებული არიან რომ, შესანიშნავად ერკვევიან სხვისი ცხოვრების სირთულეებსა და პერიპეტიებში. ამ დროს კი, რიგიანად საკუთარშიც ვერ გარკვეულან. 
მაგრამ აბა სცადეთ და უთხარით ეს, თავს უსაშველოდ შეურაცხოფილდ იგრძნობს. სამაგიეროდ თუ წაეპირფერებით, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. საერთოდ ლომები, ძალზე დიდ მნიშვნელობას აქცევენ თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის საქციელში, იშვიათი მოქნილობა და მეფური სიზარმაცე საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ლომს სძულს სიბნელე და მარტოობა, ვერ იტანს მოწყენილობას და რუტინას, გასართობად მიპატიჟებას კი ყოველთვის სიამოვნებით ღებულობს. 
მისი კეთილგანწყობის მოპოვება თუ გინდათ, შეუქეთ სიბრძნე, გამჭრიახობა ან სულაც მოდური სვიტერი. ლომები ყოველგვარი სახის კომპლიმენტებს აღმერთებენ და საერთოდაც, განდიდება მათი აქილევსის ქუსლია.
ლომი შესანიშნავი ხელმძვანელი და ორგანიზატორია, ამასთან შემთხვევას არასოდეს გაუშვებს ხელიდან, რომ ხელქვეითი დამსახურებისამებრ არ შეაქოს ან გამოლანძღოს. 
ორივე სქესის ლომებისათვის სიცოცხლის უმთავერესი აზრი სიყვარულიში მდგომარეობს. ნებისმიერი ლომის ცხოვრება მთლიანად სიყვარულის გარშემო ბრუნავს. იგი ან ეს-ეს არის დაქორწინდა, ან შემდეგ კვირაში აპირებს ამას, ან თავდავიწყებითაა შეყვარებული, ან ახლახანს დაშორდა თავის გულისწორს....
იმისდა მიხედვით, თუ როგორ მიდის მისი სასიყვარულო საქმეები, ლომი ხან სიცოცხლით სავსეა, ხანაც მწუხარებისგან მომაკვდავს ემსგავსება. 
როცა სატრფოს შორდება, ცხოველთა მეფის თავმოყვარეობა იმდენად შელახულია, გეგონებათ აღსასრულის ჟამი დაუდგაო. მაგრამ საბედნიეროდ იგი ან მალევე ურიგდება გულისწორს, ან ახალ გატაცებას პოულობს და უწინდებურად სიცოცხლით სავსე და ბედნიერია. 
ამგვარი შემთხვევები ლომის ცხოვრებაში უთვალავია, აქედან გამომდინარე ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა შორის შინაბერებს ან ბერბიჭებს თითქმის ვერასოდეს შეხვდებით. 
ლომს როგორც ძლიერ ნატურას, არ უყვრს როცა ვინმეზე დამოკიდებული ხდება. პირიქით, სიამოვნებს ის ფაქტი უფრო ანიჭებს, როცა გრძნობს ვინმეს ბედი მის ხელთაა. მართალია ხანდახან ბუზღუნიც უყვარს, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, სხვები კი მხოლოდ სხედან და ხელებში შესცქერიან. მაგრამ სინამდვილეში მას ასეთი მდგომარეობა ძალიანაც აწყობს.
მაგრამ აბა სცადეთ და დახმარება შესთავაზეთ, მყისვე ზიზღით უარყოფს. თუმცა თუ თანადგომას იქით სთხოვთ, სიამოვნებით გამოგიწვდით დახმარების ხელს. ქველმოქმედება მას სისხლში აქვს გამჯდარი.
ფულს ლომი ძალიან თავისუფლად ხარჯავს, ხშირად ზედმეტადაც კი. ამიტომ სიღატაკის ზღვარზე დგომაც არაერთხელ უწევს. თუმცა საკუთარი ფინანსური საქმეების გამოსწორების გზას, მუდამ ოსტატურად პოულობს. 
ეთაყვანება რა, ყველაფერ მდიდრულსა და დახვეწილს, ლომს საკუთარი სიამოვნებისთვის შეუძლია მთელი ქონება გაანიავოს და არც სესხის მიცემაზე უთხრას უარი ვინმეს. 
ლომები როგორც წესი, ძალზე ჯანმაგარი ხალხია. მათ იშვიათად ემართებათ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება. თუმცა მოტეხილობებისგან, უბედური შემთხვევებისგან და მწვავე ინფექციური დაავადებებისგან დაზღვეულნი არ არიან. 
ამასთან ერთად, მათ ზომიერების გრძნობაც ხშირად ღალატობთ. თუ მუშაობენ, მუშაობაში ვერავინ აჯობებთ. დროსტარება თუ გადაწყვიტეს, მთელს ქალაქს თუ არა, კვარტალს მაინც უნდა გააგებინონ. მაგრამ ერთი თუ სიზარმაცემ დარიათ ხელი, მიწისძვრაც რომ მოხდეს, თითსაც ვერ გაატოკებინებთ. 
ამასთან ლომებს გასაოცარი ნიჭი გააჩნიათ, მოსაწყენ-მომაბეზრებელი საქმეები სხვებს ოსტატურად გადააბარონ. თავად კი მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდებენ ხელს, რომელიც აუცილებლად სახელსა და დიდებას მოუტანთ.
ლომი იშვიათი საიმედო მეგობარი და ძალზე საშიში მოწინააღმდეგეა. ნამდვილი განსაცდელისას ეს ადამიანი უკან არასოდეს დაიხევს. გმირობა და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად თავგანწირვა, მისი ხასიათის ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე მომხიბვლელი თვისებაა.